Last Update 16.07.2008
მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
ნავსადგური დღეს სურათები
დღეისათვის ბათუმის ნავსადგური საზღვაო გზებით დაკავშირებულია მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანასთან. იგი არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც აერთიანებს საზღვაო, სამდინარო, სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო და სამილსადენო სახის ტრანსპორტს. ნავსადგურში ხორციელდება სატვირთო სამუშაოები, გემების ბუქსირება, წყლით მომარაგება და გემის უსაფრთხოების დაცვა. თავისი დანიშნულების შესასრულებლად ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს გააჩნია შესაბამისი ტერიტორია და აკვატორია სპეციალური მოწყობილობებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დამცავი მოწყობილობები, ნავმისადგომები, გადასატვირთი მოწყობილობები, საწყობები, სასამსახურო-დამხმარე გემები, სარკინიგზო და საავტომობილო გზები, ავტოტრანსპორტი, წყალსადენის სისტემა, კავშირგაბმულობა, საზღვაო სადგური.

დღესდღეობით ნავსადგურში არის ნავთობტერმინალი (ნავმისადგომები №1, №2, №3 და უნავმისადგომო ჩამოსასხმელი, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ 4 გემი), მრავალმიზნობრივი საკონტეინერო ტერმინალი (ნავმისადგომი №4), ნავმისადგომი სარკინიგზო ბორანისათვის (ნავმისადგომი №5), მშრალი ტვირთის ტერმინალი (ნავმისადგომები №6, №7, №8, №9) და სამგზავრო ტერმინალი (ნავმისადგომი №10, №11). ნავთობტერმინალის მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 18 მლნ. ტონა, მშრალი ტვირთის ტერმინალისა - 2,3 მლნ. ტონა, საბორნე გადასავლელისა-700 ათასი ტონა. საკონტეინერო ტერმინალის მოსალოდნელი გამტარუნარიანობაა 50 ათასი TEU წელიწადში.

სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი აიგო "გეროი შიპკის" ტიპის გემების გათვალისწინებით, რომლებიც მოძრაობენ ვარნა (ბულგარეთი), ფოთი (საქართველო), ილიჩევსკი (უკრაინა) და ბათუმის (საქართველოს) ნავსადგურებს შორის.

ზემოთხსენებული ბორანი არის სამგემბანიანი, მისი ტვირთამწეობა არის 12600 ტონა. მაქსიმალური სიჩქარე 19.4 კვანძი, ხოლო ექსპლუატაციური სიჩქარე 12 კვანძი.

სამგემბანიან ბორანს შეუძლია მიიღოს 108 ოთხღერძიანი სარკინიგზო ვაგონი. ვაგონების დატვირთვა მიმდინარეობს 3 კმ/სთ, გადმოტვირთვა-4 კმ/სთ. საბორნე ხიდის სიგრძე არის 36.35 მეტრი. წინა ნაწილის სიფართე-17.53 მეტრი. უკანა ნაწილის სიფართე-9.44 მეტრი. ხიდის წონა არის 400 ტონა. საბორნე სისტემის მუშაობა მთლიანად ავტომატიზირებულია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საბორნე გადასასვლელის რეკონსტრუქცია, რომლის შედეგადაც განხორციელდება ფართე და ვიწრო (ევროპული ტიპის) ლიანდაგების შეთავსება.

ნავსადგურს გააჩნია დიდი პორტალური ამწეები (ტვირთამწეობა 5-დან 20 ტონამდე), ავტომტვირთავების დიდი პარკი, 4 ფირმა "კომაცუს" ტრაქტორმტვირთავი და 1 ფირმა "დრესერის" ტრაქტორმტვირთავი.

სანავსადგურო ფლოტი შედგება 12 გემისაგან: სამი ბუქსირი, ერთი სალოცმანო და ორი სარეიდო კატერი, 2 ლეალური წყლების მიმღები კატერი, მტკნარი წყლის მიმწოდებელი ბარჟა, მისაბმელი და სამგზავრო კატერი.

ბოლო წლებში ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა. ტრადიცია გრძელდება და დღესაც ნავსადგურის მთლიანი ტვირთბრუნვის 80-90% მოდის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებაზე.

2005 წლის აპრილში, სერტიფიკაციის სფეროში მსოფლიო ლიდერის Bureau Veritas Quality International (ლონდონი) მიერ ნავსადგურს მესამეჯერ გადაეცა ISO 9002-2000 საეთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობის სერტიფიკატი.














მთავარი საიტის რუქა კონტაქტები
© 2005 Batumi Sea Port Limited
All rights reserved.